ამირან ისიანი


გრაფიკოსი, ფერმწერი, ანიმატორი. ამ ჩამონათვალს შეიძლება დავუმატოთ, რომ ამირან ისიანი საკუთარი ანიმაციური ფილმების, სატელევიზიო გადაცემების სცენარის ავტორი, დამდგმელი და რეჟისორიცაა.

ამირან ისიანი დაიბადა 1959 წლის 23 აპრილს ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში.

1970-74 წლებში სწავლობდა ქუთაისის სამხატვრო სკოლაში, შემდეგ თბილისში - ცნობილი ფერმწერის, თამაზ ხუციშვილის სტუდიაში.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სწავლა დიზაინის ფაკულტეტზე დაიწყო, თუმცა ერთი წლის შემდეგ მულტიპლიკაციის განყოფილებაზე გადავიდა.

აკადემიის დამთავრების შემდეგ შეძლო აქტიურად ჩართულიყო მულტსტუდიის მუშაობაში, როგორც მხატვარი, მოგვიანებით კი, როგორც სცენარის ავტორი და რეჟისორი. ამირან ისიანის ანიმაციური ფილმებია: „ფერიცვალება“, „ზამთარი“, „ჩამოდი ჩემი ღრუბლებიდან“, „ნუ დამტოვებ“,  „უძლიერესი“ , „წყლის პირველი შროშანი“ და სხვა.

მუშაობდა ანიმაციური და თოჯინური ფილმების სტუდიაში ,,ორბი“.
მისი საავტორო სატელევიზიო გადაცემებია: „ ჩიპო“ და „სიზმარვიზია“.
გადაიღო დოკუმენტური ფილმი „საქართველო ჩვენია! გაიგე, რუსო?!“, რომელმაც ბათუმის მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალის ჯილდო დაიმსახურა.
აქტიურად მუშაობს ფერწერაში.  ცნობილი ნამუშევრებია: „ამბორი“, „დედის ხელები“, „გამხმარი ხე“, „კალანდა“, „მეზღაპრე“, „პორტრეტი“ და სხვა.

1993 წლიდან მუშაობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ანიმაციური ფილმების პედაგოგად.

აქტიურად მონაწილეობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებში.1








          1.       სახვითი ხელოვნების ქრონიკები 2006, ქუთაისი 2008.

No comments: