ზაურ წითაშვილი

ზაურ წითაშვილი დაიბადა 1939 წელს, ქ.ქუთაისში. 1958 წელს დაამთავრა მე-19 საშუალო სკოლა. სწავლობდა ქალაქ ქუთაისში გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო  აკადემია, ფერმწერისა და მოქანდაკის კვალიფიკაციით. იყო იაკობ ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიანტი.

1964 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლაში, სახვითი და გამოყენებით ხელოვნების პედაგოგად, სადაც ასწავლიდა გარდაცვალებამდე. გარდაიცვალა 2013 წელს.

მის მიერ დაარსებული სახვითი ხელოვნების კაბინეტი ყოველთვის გამორჩეული იყო და დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.

30-ე საჯარო სკოლის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ზაურ წითაშვილს. იგი იყო მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 ოლიმპიადების ლაურეატი. ამ ოლიმპიადებში წარმატებულ მოსწავლეებს მიმღებული აქვთ 200-მდე ოქროს მედალი, მასწავლებელს კი მიღებული აქვს 8 ოქროს მედალი. აღზრდილი ჰყავს 40-მდე  მხატვარი. მათ შორისაა: დიტო შანიძე, რევაზ ჩაჩხიანი, თემურ მაისურაძე, ბადრი ლომსიანიძე (მოღვაწეობს ესპანეთში), ამირან ისიანი, ელგუჯა ტაბიძე, თემურ და არჩილ ნიჟარაძეები, ავთანდილ აშვეთია და სხვა მრავალი.



ინტერვიუ ზაურ წითაშვილთან (ჩაწერილია რამდენიმე წლის წინ, 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლის თათია მუმლაძის მიერ):

- თქვენი ყველაზე დიდი წარმატება, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...

- ჩემი ყველაზე დიდი წარმატებაა სამხატვრო აკადემიის დამთავრება 1964 წელს. არასოდეს დამავიწყდება კომისიის ერთ-ერთი წევრის შეფასება: “Он уже все сказал“!

 - რა გრძნობა გეუფლებათ თქვენი რომელიმე მოსწავლე წარმატებას რომ აღწევს?

- უდიდესი სიამაყის გრძნობა, მასში ჩემი შრომის ნაყოფს და გამარჯვებას ვხედავ.

- თქვენი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდით?

- ჩემი ყველაზე საყვარელი და ვფიქრობ, რომ საუკეთესო ქანდაკკებაა ,,მაგიდის ჩოგბურთელი’’ და მეორე კურსზე შექმნილი ,,შიშველი ქალის ფიგურა’’, მეტრნახევრიანი ზომის, რომელიც აკადემიის კედლებს ამშვენებდა ჩემი სტუდენტობის წლებში.

- არის თუ არა ისეთი რამ რისი გაკეთებაც გინდოდათ და გარკვეული მიზეზების გამო ვერ გააკეთეთ?

- ბევრი ნამუშევარი დამიზიანდა და ბევრიც მომპარეს, ძალიან მწყდება გული რომ ჩემს ქალაქს ჩემი ხელოვნების ნიმუში არ ამშვენებს.

- თქვენი საყვარელი მხატვარი, რომელიც იდეალად  მიგაჩნიათ...

-საქართველოში სერგო ქობულაძე, მსოფლიოში კი დიდი მიქელანჯელო. ვთვლი, რომ დღესაც სერგო ქობულაძე არის ჩემი მასწავლებელი.

- რას უსურვებდით მომავალ თაობას?

- მომავალ თაობას ვუსურვებდი გულისხმიერებას,  ხელოვნებისადმი პატივისცემას, თავისი პროფესიის სიყვარულს.1


:: სახვითი ხელოვნების ქრონიკები










::ზაურ წითაშვილის ნაშრომების ფოტო გალერეა


 

       1. სკოლის არქივი

1 comment:

violeta kvantaliani said...

დიდ პატივად ვთვლი,რომ პირადად ვიცნობდი ზაურ წითაშვილს-ამ კოლორიტულ,ბობოქარ და საინტერესო ქუთაისელსა და ხელოვანს.
ღმერთმა გაანათლოს მისი სული!